სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის ხარისხზე ზემოქმედების კვლევა
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ 2019-2020 წლებში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, განხორციელდა საველე კვლევები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მდებარეობს ის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას ისეთი ტოკსიკური ელემენტებით, როგორებიცაა: Pb, Gd, Cu და Zn.
შესაბამისად, 2020 წლის ივლისში სბმკ „ორქისი“-ს მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სამუშაოები შიდა ქართლის, სამცხე -ჯავახეთისა, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, რომელთა ფარგლებში მოხდა ჩვენს მიერ შესწავლილი სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების მოსუფთავება და მათი შემდგომი დამუშავება ქართული ცეოლითის (80% კლინოპტილოლიტი) გამოყენებით, რაც გულისხმობს ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული ნიადაგის ხარისხის ამაღლებას ცეოლითში არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებით და ასევე მათში ზემოხსენებული ტოქსიკური ელემენტების (Pb, Gd, Cu და Zn) რაოდენობის კლებას (ნიადაგის რემედიაციის პროცესი).
სბმკ „ორქისი“-ს მიერ 2020 წლის 7 და 11 ნოემბერს ჩატარებული საველე კვლევების ამოცანა იყო სტიქიური ნაგავსაყრელების მოსუფთავებულ და ცეოლითით დამუშავებულ ტერიტორიებზე, ნიადაგის ნიმუშების ხელახალი აღება (რემედიაციის ღონისძიებების ჩატარებიდან 2-3 თვის შემდეგ) და მათი ქიმიური ანალიზი, რის შემდეგაც ექსპერიმენტულად დავინახავთ თუ რამდენად დადებით როლს თამაშობს ქართული ცეოლითი სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგში შეტანის შემთხვევაში. ამჯერად, ზემოთ ხსენებულ პერიოდში აღებულ იქნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის (ახალციხის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტები) და კახეთის რეგიონის (თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები) სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ცეოლითით დამუშავებული ნიადაგების ნიმუშები.
მიღებული შედეგების საფუძველზე, სბმკ „ორქისი“-ს მიერ დაგეგმილია შესაბამისი სახელმძღვანელო-მეთოდიკის შემუშავება, სადაც განხილული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობის ასპაქტები და მისი პრაქტიკაში დანერგვა, საქართველოს კანონის – „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.
პროექტის „დავიცვათ საქთველოს სისუფთავე“ მიზნებია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში ასევე სამიზნე ტერიტორიების დაბინძურებულ ნიადაგში მძიმე ლითონების შემცველობის შემცირება 10%-ით, 2023 წლისათვის.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.