საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის მეორე პლენარული შეხვედრა
2021 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, გაიმართა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის მეორე პლენარული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისი“-ს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ 2021 წლის 1 ივლისს გამართული პირველი პლენარული შეხვედრის შემდგომ განხორციელებული სამუშაოების განხილვა და წინასწარი კვლევის შედეგების წარმოდგენა. კერძოდ, შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: (i) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაში მაკროეკონომიკური და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით; (ii) დარგებისა და რეგიონების მიხედვით წარმოქმნილი ნარჩენების შეფასების მეთოდოლოგია, ნარჩენების წინასწარი შეფასების შედეგები (წინასწარი შედეგები) და რეციკლირების არსებული დონე; (iii) ცირკულარობის პოტენციალი (წინასწარი შეფასება) ძირითადად ნარჩენების რეციკლირების შესაძლებლობაზე დაყრდნობით; (iv) მიმდინარე შეფასების პროცესის დასრულების გეგმა; ახალი, დამატებითი კვლევების გეგმა; (v) პერსპექტიული მიდგომების შერჩევისა და ცირკულარობის შეფასების ამოცანის დასრულების მიზნით სამუშაო პროცესში შესატანი ცვლილებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს, შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – აკად. სოლომონ პავლიაშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა, და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
პლენარულ შეხვედრაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ დოქტორი დარიუშ ედვარდ პრასეკი-ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი და მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ადგილობრივი ექსპერტი (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, სბმკ „ორქისი“) დოქტორი მედგარ ჭელიძე.
პროგრამა “ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენით, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრით, ასევე საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებით.
მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ დაიწყო ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება, რომელთა მიზანია ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენება მრავალი მიმართულებით, რომლებიც მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებს, ასევე სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება.
მეორე პლენარული შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, სბმკ „ორქისის“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით.