პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
2021 წლის 10 ნოემბერს თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ოთხი კონფერენციის შემდეგ, რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში 2019-2021 წლებში ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესისა და საფინანსო სფეროების წარმომადგენლებისათვის მოეწყო, ცირკულარული ეკონომიკის მე-5 კონფერენცია გამიზნულია პოლიტიკის შემქმნელებისათვის, რომლებიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთ საკვანძო ხელშემწყობ მხარეს წარმოადგნენ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იქნება დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარ ასპექტებს, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში პოლიტიკის შემქმნელებს რა კონკრეტული როლი გააჩნიათ.
მეორე მომხსენებელი იქნება ბ-ნი თიმო მაკელა, რომელსაც გარემოს დაცვის, ფინანსებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა პერიოდებში იგი ფინეთის მთავრობაში, EBRD-ში, ევროკომისიაში და ფინეთის ინოვაციების ფონდში „სიტრა“ მუშაობდა. ამას გარდა, იგი 4 წლის განმავლობაში ფინეთში ევროკავშირის ელჩი გახლდათ. იგი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებას“, ასევე ფინეთის მიდგომებსა და გამოცდილებას ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში.
ეს სატრენინგო პროგრამა მომზადდა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი ამოცანაა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ცნობიერების ამაღლება ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე. იგი ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას, როგორ დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს.
• ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს. ცირკულარულ ეკონომიკაში საქონელი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მისი განახლება, შეკეთება და ხელახლა გამოყენება. კომპანიები შეიმუშავებენ ახალ ბიზნესმოდელებს, სადაც შემოსავლის მიღება ხდება მომსახურებიდან და არა საქონელიდან, მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელია მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების ახალ ციკლი გაიაროს.
• ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია ყურადღებას იპყრობს მომხმარებლობის დონისა და რესურსების მოხმარების ზრდის გამო, რაც მოსახლეობის სწრაფი მატებითა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებითაა გამოწვეული. იგი ახალი ეკონომიკური მოდელია, რომელიც ეფექტიანი მწვანე განვითარებისაკენ მიმავალი მდგრადი გზაა.
• სხვა სისტემური ცვლილებების მსგავსად, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად სისტემის რამდენიმე კომპონენტი ერთდროულად უნდა შეიცვალოს. ასეთ ცვლილებას ზურგს უნდა უმაგრებდეს კარგად გამართული, არადამამახინჯებელი პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელებისათვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.
• ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფებს საფინანსო და არასაფინანსო პოლიტიკის შემქმნელებისათვის, პროექტების განმახორციელებლებისათვის და სამთავრობო უწყებებისათვის შემუშავებული აქვთ რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია, ცირკულარული ღონისძიებების დანერგვის დასაჩქარებლად შეთანხმებულად როგორ უნდა იმოქმედონ. ამ რეკომენდაციების ერთ-ერთი საერთო თემაა სამთავრობო უწყებების როლი და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება.
• სამთავრობო უწყებებს შეუძლიათ ცირკულარული ეკონომიკური მოდელების სტიმულირება და ხელშეწყობა ყველა დონეზე უზრუნველყონ, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების, სუბსიდიების, გადასახადებისა და დაფინანსების მეშვეობით. მათ გარე შედეგებზე დადებითი ზემოქმედების უფლებამოსილება და ინსტრუმენტები გააჩნიათ.
კონფერენცია ორგანიზებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.