საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
2022 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა
2022 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა
2022 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ს საკონფერენციო დარბაზში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ცირკულარობაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობას საქართველოში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუკა მიცკევიჩი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის გარემოსდაცვითი პროექტების ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი და ასევე საქართველოს უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმ ქნ-მა ნუნუკა მიცკევიჩმა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის გარემოსდაცვითი პროექტების ხელმძღვანელმა ქნ-მა ხათუნა ზალდასტანიშვილმა.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენდა, რათა მათთან ერთად კიდევ ერთხელ იქნას განხილული რას წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკა, რა კავშირშია იგი კლიმატის ცვლილებასთან, ცირკულარობაზე გადასვლაში და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში განათლების სფეროს რა როლი აკისრია. ეს იყო უმაღლესი განათლების სფეროსთვის განკუთვნილი მეორე ღონისძიება, რომლის მოწყობის თხოვნით მათ 2022 წლის მარტში, მათთვისვე ორგანიზებული ცირკულარული ეკონომიკის მე-6 კონფერენციის შემდეგ მოგვმართეს, რადგანაც წინა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მის შედეგად დაიწყო მსჯელობა, საგანმანათლებლო პროგრამებში ცირკულარობის პრინციპები რა სახით უნდა შესულიყო და სასწავლო პროგრამების მეშვეობით ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება როგორ მომხდარიყო.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც, ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ცირკულარობის პრინციპების დანერგვის პრაქტიკული მაგალითები წარმოადგინა და ამ პროცესში უნივერსიტეტებს კონკრეტულ როლზე ისაუბრა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში 2019-2022 წლებში ჯამში რვა კონფერენცია მოეწყო, რომელთა მონაწილენი იყვნენ საკვანძო დაინტერესებული და გარდაქმნის პროცესის ხელშემწყობი მხარეები, მათ შორის ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლება, პოლიტიკის შემქმნელები და პარლამენტარები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საფინანსო სექტორი, ზოგადად ბიზნესსექტორი, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, ასევე საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.
აღნიშნული „ცირკულარული ეკონომიკის პროგრამა“ მომზადდა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი ამოცანაა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის ცნობიერების ამაღლება ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე და მათთვის რეკომენდაციების მიცემა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა როგორ შეიძლება დაჩქარდეს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა, სტიმულირების საჭიროების მქონე ძირითადი სფეროების გამოვლენა, სხვადასხვა დარგის ექსპერტების მომზადება.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია ორგანიზებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით ახორციელებს.