ცხოველთა დაცვის დღე მოწოდებულია იმ პასუხისმგებლობის შეხსენებაზე, რომელიც უნდა აიღონ ადამიანებმა ცხოველთა მიმართ და უზრუნველყოს მათი დაცვა და გადარჩენა. დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქტიურად განიხილება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნების, ცხოველთა (როგორც გარეული, ისე შინაური და კომპანიონი ცხოველების) მიმართ სასტიკი მოპყრობის დაუშვებლობის, მაწანწალა ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის, ტყვეობაში მყოფ ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესების და სხვა აქტუალური თემები. ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ქმედითი გზა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა და ამ მიმართულებით გატარებულ აქტივობებს, როგორიცაა ცხოველთა დაცვის დღის აღნიშვნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ცხოველთა დაცვის დღის დაწესების იდეა პირველმა გერმანელმა მწერალმა და კინოლოგმა, გენრიხ ციმერმანმა წამოაყენა, 1925 წელს. რამდენიმე წელს ცხოველთა დაცვის დღე გერმანიაში, 24 მარტს აღინიშნებოდა. შემდეგ ეს თარიღი 4 ოქტომბრით შეიცვალა, რაც არ იყო შემთხვევითი. 4 ოქტომბერი ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებელი, წმინდა ფარნცისკ ასიზელის ხსოვნის დღეა, რომელიც ამავდროულად ბუნების და ცხოველთა მფარველიცაა. მოგვიანებით, 1931 წელს, ფლორენციაში მიმდინარე ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციათა კონგრესზე, ციმერმანმა 4 ოქტომბრის ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღედ გამოცხადების იდეა წამოაყენა. მას მერე 4 ოქტომბერი ოფიციალურად იქნა აღიარებული და მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, რომელთა რიცხვიც მზარდია.
4 ოქტომბერს გარეულ ცხოველთა დაცვის ღონისძიებებთან ერთად, შინაური და კომპანიონ ცხოველთა დაცვის კამპანიებიც იმართება და დიდი ყურადღებაც ეთმობა, მათ შორის საქართველოშიც.
აღსანიშნავია, რომ 1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს – კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.