16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ 16 სექტემბერი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს, „ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამოაცხადა და მას მერე ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
ოზონის შრე დედამიწას მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს, რომლის ზემოქმედებაც საზიანოა ადამიანებისათვის, ცხოველებისა და მცენარეებისათვის.
საქართველო ვენის კონვენციას და მონრეალის ოქმს 1996 წელს შეუერთდა და აიღო საერთაშორისო ვალდებულება, ეტაპობრივი შემცირებით, ოზონდამშლელი ნივთიერებები ხმარებიდან საბოლოოდ ამოეღო. აღნიშნულის მისაღწევად საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია და საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.
ოზონი ჟანგბადის განსაკუთრებული ფორმაა. ის ატმოსფეროს მცირე შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ატმოსფერული ოზონის უდიდესი ნაწილი – 90% სტრატოსფეროშია აკუმულირებული, დედამიწის ზედაპირიდან 10-40 კმ-ის დაცილებით.
დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა მზის სინათლის გარეშე, თუმცა მზის ენერგია ძლიერ დამანგრეველი იქნებოდა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის, რომ არა ოზონის შრე. ის იცავს დედამიწას მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. ამიტომ, მეცნიერებმა, რომლებმაც 1970-იაან წლებში აღმოაჩინეს, რომ კაცობრიობის საქმიანობით ოზონის შრეში ხვრელი წარმოიქმნება, განგაში ატეხეს და საზოგადოებას სასწრაფო ქმედებებისკენ მოუწოდეს. ოზონის ხვრელი ოზონდამშლელი ნივთიერებებითაა გამოწვეული, რომლებიც აეროზოლებში, გაცივების სისტემებში (მაცივრები, კონდიციონერები) გამოიყენება და რომლებიც დაავადებების (კანის კიბო, კატარაქტა) შემთხვევების გაზრდის საგრძნობ საფრთხეს შეიცავას, ასევე ზიანის მომტანია მცენარეებისა და ზოგადად ეკოსისტემებისთვის.
აცნობიერებდნენ რა გლობალური პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა 1985 წელს მიიღეს ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენცია. კონვენციის მონრეალის პროტოკოლის შესაბამისად, მთავრობებმა, მეცნიერებმა და საწარმოო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების გამოყენების შეზღუდვა, 99 პროცენტით. მონრეალის პროტოკოლის წყალობით ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო და ნაგულისხმებია, რომ საშუალოდ 2050 წლისათვის გაუტოლდება 1980 წლამდე არსებულ ნიშნულს. მონრეალის ოქმის კიგალის შესწორების (მიღებულია 2016 წელს და 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა შევიდეს ძალაში. მოწოდებულია კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ, ჰიდროფტორნახშირბადის – სათბურის აირების წარმოებისა და მოხმარების ეტაპობრივი შემცირების გზით, ატმოსფეროს დათბობის 2,0-1,50C ფარგლებში შეკავების მიზნით, სათბურის აირების ზემოქმედების შემცირების ხარჯზე) ფარგლებში განხორციელდება ქმედებები ჰიდროფტორნახშირბადის ემისიის შესამცირებლად.
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე, ოზონის შრის დაცვის აუცილებლობის მოწოდების გარდა, ამგვარი მიღწევების აღნიშვნასაც ემსახურება. სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ერთობლივი ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებებლი საუკეთესო გზაა გლობალური პრობლემებისა და კრიზისების დასაძლევად. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ მიამრთულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ჩართულობა, რასაც ემსახურება ოზონის შრის დღის აღნიშვნა.