შეხვედრა კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე
2022 წლის 22 მარტს, ქ. თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბ-ნი პლატონ კალმახელიძე, სბმკ ორქისის თავმჯდომარე ქ-ნი მარიამ ქიმერიძე, ბ-ნი პერ-ოლოფ ჰალბერგი – Gästrike återvinnare, ნარჩენების მართვის ექსპერტი, ბ-ნი იოჰან ენგლუნდი – Gästrike Återvinnare, კომუნიკაციის ექსპერტი, ქ-ნი ხათუნა ჩიკვილაძე სბმკ „ორქისი“-ს ნარჩენების მართვის მთავარი ექსპერტი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მხარის რვავე მუნიციპალიტეტის (თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან; სულ 30 ადამიანი.
მუნიციპალიტეტების ვალდებულებების შესრულების მიზნით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის მეორე 5-წლიანი გეგმის მომზადების მიმართულებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაწყებულია რეგიონული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის (რმნმგ) შემუშავება. რმნმგ შესაბამისობაში იქნება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის (2016-2030), საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან, ასევე გარკვეული სახის ნარჩენების მართვის გეგმებთან. იგი გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას – მუნიციპალური ნარჩენების მართვის შვედეთის გამოცდილებას, რაც ეფუძნება მუნიციპალური ნარჩენების სფეროში მუნიციპალიტეტების ასოციაციის თანამშრომლობასა და ერთობლივ მართვას.
რმნმგ-ის შემუშავება განხორციელდა მონაწილეობითი მიდგომით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდა კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს გუბერნატორის სამსახური, საერთაშორისო და ეროვნული დონის ექსპერტების ჩართულობით. არსებული სიტუაციის რეალისტური შეფასებისა და რეგიონულ დონეზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამომავლო მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად გამოყენებული იყო პრობლემის ხის ანალიზის მეთოდი. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ძირითადი ხარვეზები და საჭიროებები. ამჟამად მომზადებულია რმნმგ-ის პირველი პროექტი, რომელიც მიმდინარე სიტუაციის ანალიზისა და სამართლებრივი ბაზის გათვალისწინებით. კახეთის რმნმგ მოიცავს 5-წლიან (2023-2027წწ.) პერიოდს. შედგება სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტის განიხილვა მოსახლეობასთან, მოეწყობა საჯარო მოსმენა, გეგმა გადაიხედება შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე. ამასთანავე, მიღებამდე რმნმგ განახლდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ან ქვეყანაში არსებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების განახლების შესაბამისად.
შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის დაგეგმვისა და მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხების, ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების პროცესის, სამუშაო გეგმისა და გრაფიკის, ასევე კახეთის მხარის სამუშაო ჯგუფთან ერთად ამ მიზნით განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯების განხილვა. ამასთანავე, შეხვედრის დროს მოხდა პრიორიტეტული მიმართულებებისა და ძირითადი მიზნების განსაზღვრა, რომელთათვისაც შემუშავდება ღონისძიებები, რომლებიც შეადგენს სამოქმედო გეგმის ძირითად ნაწილს.
პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩართულმა შვედმა საერთაშორისო ექსპერტებმა, შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება გაუზიარეს – ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია, რაც მუნიციპალიტეტებს კვალიფიკაციის ამაღლების, საინვესტიციო ხარჯების გადანაწილების, ნარჩენების მართვის რეგიონული სისტემის შემუშავების, რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის, საქმიანობის ოპტიმიზაციის, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის, საერთო პრობლემების ირგვლივ ურთიერთდახმარებისა და აზრების/ ინოვაციების ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს.
ამა წლის 22 მარტს ქ. თელავში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა 2019-2021 წლებში კახეთის რეგიონულ და მუნიციპალურ უწყებებთან ერთად განხორციელებული რიგი სამუშაოები, მათ შორის შეხვედრები, რომლებიც ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების პროცესის მოსამზადებლად და სათანადო ინფორმაციის შესაგროვებლად იყო საჭირო. თავად ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმაც სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდება, რაც ამ დოკუმენტის რეალისტურობას, რეგიონული/ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნარჩენების მართვის კომპანიისათვის მის მისაღებობას, ასევე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის სათანადოდ დაგეგმვის კუთხით გამოცდილების დაგროვებას უზრუნველყოფს.
კახეთის რეგიონისთვის რმნმგ-ის შემუშავების მიზანია მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის და მუნიციპალიტეტებში ქუჩების დასუფთავების სერვისების მიწოდებისას გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის ეფექტურობა და პროდუქტიულობა მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობის პლატფორმის განვითარების გზით, რათა ეფექტურად მართოს მუნიციპალური ნარჩენები. კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის დასრულება იგეგმება 2022 წლის მაისის ბოლოსთვის. მის განხორციელებაზე უფლებამოსილია რეგიონული და მუნიციპალურ ხელისუფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
კახეთის მხარისათვის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების თაობაზე შეხვედრა ორგანიზებული იყო სბმკ „ორქისი“-სა და შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.