საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია
- Home
- ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია
2022 წლის 1 მარტს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს (სბმკ „ორქისი“) ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია თემაზე „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელები), შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სბმკ „ორქისი“-ს მიერ სტუდენტებისთვის ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბ-ნმა ზაზა მარუაშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩის მოადგილემ ბ-ნმა ერიკ ილესმა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო დ-რი დარიუშ ედვარდ პრასეკი – მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარი ასპექტები, კერძოდ, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში უნივერსიტეტების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს რა კონკრეტული როლი გააჩნიათ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს აკადემიური სფეროსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რადგანაც ისინი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთ საკვანძო ხელშემწყობ მხარეს წარმოადგენენ, რომელთაც ცირკულარული ბიზნესების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. კერძოდ, მათი როლია მოამზადონ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, რომელთაც დასაბუთებული, ინვესტიციებისათვის მიმზიდველი, განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიაზე მორგებული ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და პროექტების სწორად განსაზღვრა, კონცეპტუალური დამუშავება და განვითარება შეეძლებათ.
ცირკულარული ეკონომიკის, მისი სარგებლის, მამოძრავებელი მექანიზმებისა და გამოწვევების თაობაზე დეტალური ინფორმაციის გარდა, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარობაზე გადასვლის პროცესის თითოეულ ეტაპს, რაც საქართველოს კონტექსტში იქნა განხილული და უმაღლესი სასწავლებლების როლს ექსპერტების მომზადებაში, რაც ცირკულარობის პრინციპების დასანერგადაა საჭირო. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იქნა ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ევროკავშირის პოლიტიკის ჩარჩოს, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ და ცირკულარული ქალაქების თაობაზე ევროპის დეკლარაციის საკვანძო საკითხები, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მოწინავე გამოცდილებას წარმოადგენს.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლის დრ. დარიუშ პრასეკის პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო, რომ ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია ყურადღებას იპყრობს მომხმარებლობის დონისა და რესურსების მოხმარების ზრდის გამო, რაც მოსახლეობის სწრაფი მატებითა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებითაა გამოწვეული და რომ ეს ახალი ეკონომიკური მოდელია, რომელიც ეფექტიანი მწვანე განვითარებისაკენ მიმავალი მდგრადი გზაა. ამას გარდა, მან ყურადღება გაამახვილა, რომ ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ რჩეულთა პასუხისმგებლობას არ განეკუთვნება და რომ მდგრადი მომავლის შექმნაში მონაწილეობის უფლება ყველა ჩვენგანს გააჩნია. დრ-მა პრასეკმა აღნიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის შესახებ განათლების მიზანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხების მცოდნე სპეციალური ექსპერტების მომზადება კი არ არის, არამედ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალში ყველა ჩვენთაგანს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა და ჩვენს პროფესიულ სფეროში ცირკულარული გადაწყვეტილებების დანერგვა დაგვჭირდება.
2019-2021 წლებში ჩატარებული ხუთი წარმატებული კონფერენციის შემდეგ, რომელთა სამიზნე ჯგუფები პოლიტიკის შემქმნელები, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესის სფეროს და ფინანსური სექტორის, საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მეექვსე კონფერენცია განკუთვნილი იყო საქართველოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, რომლებიც გარდაქმნის პროცესის საკვანძო ხელშემწყობ მხარეს წარმოადგენენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს აკადემიური სექტორისა და უნივერსიტეტების/ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობის მხრიდან გაჟღერდა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებების, ბიზნესისა და ფინანსური სექტორის, გამომგონებლების, აკადემიურის სფეროს, ინვესტორებისა და მომხმარებლების ჩართულობა ამ პროცესში არსებითია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად საჭირო სისტემური ცვლილებების ხელშეწყობის მიზნით. ამას გარდა, საქართველოს მთავრობის, კერძოდ მეცნიერებისა და განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხრიდან საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“ ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები დაისახა.
ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მთვარობის სათანადო სტრუქტურების აქტიური ჩართულობა ცირკულარული ეკონომიკის მე-6 კონფერენციაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების ხელშეწყობას და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეექვსე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.