საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რაც ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატზე ზემოქმედების, ნარჩენების მართვისა და გარემოს დაბინძურების, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების შენარჩუნების, გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, მდგრადი განვითარების საკითხებს მოიცავს.
ყოველ 26 იანვარს გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე აღინიშნება. მას საფუძველი 1972 წლიდან, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში გამართული გაეროს კონფერენციის „ადამიანის გარემო“ დეკლარაციით ჩაეყარა. გარემოსდაცვითი განათლება დინამიკური და მონაწილეობითი პროცესია, რომელიც მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს, რაც როგორც გლობალური, ასევე ნაკლებად მასშტაბური გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. გარემოსდაცვითი განათლების ამოცანებს შორის არის გარემოსა და ადამიანს შორის ურთიერთქმედების დადგენა ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანის საქმიანობის ჰარმონიზაციის მიზნით, რაც მდგრადი განვითარების გზით მიიღწევა.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში გარემოსდაცვითი პრობლემების უმრავლესობა გარემოს დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალ დონეს უკავშირდება. ამიტომაც, ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და სწორი ქცევის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.