პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის “ორქისი” ჯგუფის მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდა საველე კვლევა კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც შერჩეულ იქნა ზოგიერთი სტიქიური ნაგავსაყრელი (ახალსოფელი-ყვარლის მუნიციპალიტეტი, ქვემო ალვანი-ახმეტის მუნიციპალიტეტი, თელავი, პატარძეული- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღი, გურჯაანი, დედოფლისწყარო), რომელთა მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებულ იქნა ნიადაგის საანალიზო ნიმუშები, რომლებშიც განისაზღვრა ზოგიერთი მძიმე ლითონის შემცველობები (Pb, Cu, Zn, Cd, Hg), მათი დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად.
კახეთის რეგიონში მიღებულმა შედეგებმა დაგვანახა, რომ სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის საანალიზო ნიმუშებში თუთიისა და ტყვიის კონცენტრაციებმა გადააჭარბეს ზღვრულად და საორიენტაციო დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ, სდკ), კერძოდ -7 შემთხვევიდან 5-ში მაღალი აღმოჩნდა ტყვიის შემცველობები თავიანთ ზდკ-ს მნიშვნელობაზე (32 მგ/კგ). კერძოდ, ახალსოფელში – 35.83მგ/კგ, თელავში – 34.32მგ/კგ, პატარძეულში – 37.51 მგ/კგ, გურჯაანში – 43.09 მგ/კგ და დედოფლისწყაროში – 33.57 მგ/კგ. ხოლო გურჯაანის ნაგავსაყრელის შემთხვევაში კი გარდა ტყვიისა, ასევე თუთიის კონცენტრაციამაც გადააჭარბა თავის სდკ-ს მნიშვნელობას (220 მგ/კგ) და შეადგინა 233 მგ/კგ.
რაც შეეხება ქვემო ალვანისა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და სიღნაღის სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის ნიმუშებს, მათში არ დაფიქსირდა არცერთი ჩვენს მიერ განსაზღვრული კომპონენტის შემცველობა თავიანთ ნორმატივებზე მაღლა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კადმიუმისა და ვერცხლისწყლის შემცველობები არ დაფიქსირებულა არცერთ საანალიზო ნიმუშში.
ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით ზოგიერთი ნაგავსაყრელის ტერიტორიის დამუშავება ქართული ცეოლითის გამოყენებით (კახეთის რეგიონი).
2020 წლის აგვისტოს თვეში სბმკ “ორქისის” ჯგუფმა განახორციელა საველე გასვლა კვლავ კახეთის რეგიონში, სადაც თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს სტიქიური ნაგავსაყრელების შიდა ტერიტორიებიდან აღებულ იქნა ნიადაგის საანალიზო ნიმუშები (მათი მოსუფთავების შემდგომ) და შესაბამისად, მოსუფთავებული ნაგავსაყრელების ტერიტორიები დამუშავებულ იქნა ქართული სორბენტით.
აღსანიშნავია, რომ ტყვიისა და თუთიის კონცენტრაციებმა (ანალიზის პირველ ეტაპზე) გადააჭარბეს თავიანთ ზდკ-სა და სდკ-ს მნიშვნელობებს და შესაბამისად, გურჯაანიდან და საგარეჯოდან აღებული საანალიზო სინჯებში მათი მნიშვნელობები მერყეობდა 1.45-2.8 ზდკ-სა და 1.5-2.7 სდკ-ების მნიშვნელობებს შორის, ხოლო რაც შეეხება თელავის ნაგავსაყრელიდან აღებულ ნიმუშებს, მათში არ აღინიშნა არცერთი მეტალის მომატებული შემცველობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა შემთხვევაში კადმიუმის კონცენტრაციები საანალიზო ნიმუშებში აღმოჩნდა დაბალი, ვერცხლისწყლის შემცველობა კი არ დაფიქსირებულა არცერთ შემთხვევაში.
მეორე ეტაპის ანალიზი ჩატარდა 2020 წლის ნოემბრის თვეში, როდესაც ნაგავსაყრელების შიდა ტერიტორიებიდან კვლავ იქნა ნიადაგის საანალიზო ნიმუშები აღებული, ოღონდ სორბენტის დაყრის შემდგომ პერიოდში (3 თვის შემდეგ). შედარებითი ანალიზის შედეგებმა დაგვანახა, რომ დამაბინძურებლების შემცველობა ნიადაგში შეიცვალა მხოლოდ საგარეჯოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემთხვევაში, მაგალითად – სპილენძის კონცენტრაცია შემცირდა 29%-ით.
ამჯერად, გურჯაანისა და თელავის ნაგავსაყრელების ტერიტორიებიდან აღებულ საანალიზო ნიმუშებში, არ დაფიქსირდა ჩვენს მიერ შეტანილი სორბენტის გავლენა ნიადაგების შემცველობაზე და შესაბამისად, არცერთი კომპონენტის შემცველობამ არ განიცადა მათში ცვლილება კლებადობისაკენ.