საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ში, საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართება
- Home
- 2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ში, საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართება
2022 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსი“-ში, საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ამ პროცესისთვის საკვანძო ყველა დაინტერესებული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
ეროვნული შეხვედრა ეწყობა ცირკულარობის შეფასების შედეგების წარმოდგენის მიზნით, რომელიც ახლახან დასრულდა. მას ეკონომიკის სხვადასხვა დარგების 13 მაღალკვალიფიციური ექსპერტისაგან შექმნილი გუნდის 24-თვიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა. ამ 2-წლიან პერიოდში მრავალი რამ გაკეთდა, მათ შორის საწყის ეტაპზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ აღრიცხული 90 ეკონომიკური საქმიანობის გაცხრილვა მოხდა, რათ ეკონომიკის ცირკულარულ მოდელზე გადასვლის თვალსაზრისით პერსპექტიული დარგები გამოვლენილიყო. ამის შედეგად შეირჩა 14 დარგი, რომელთაც ცირკულარული განვითარების შესაძლებლობა (საშუალო, მაღალი ან ძალიან მაღალი) გააჩნია. თოთხმეტივე შერჩეული დარგი შეფასდა და თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება მომზადდა, რომელიც მოიცავს მასალათა ნაკადების (ნედლეული, ნაწარმი, თანაური პროდუქტები და ნარჩენები), დანაკარგებისა და ნარჩენების, გადამუშავებული ნარჩენების წილის აღწერას, ასევე ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის შეფასებას. აღნიშნულის საფუძველზე პროგრამის გუნდმა ცირკულარული ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები განსაზღვრა, დარგობრივი შესაძლებლობები გამოავლინა, დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები შეიმუშავა და საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციები მოამზადა. და ბოლოს, საქართველოსთვის ცირკულარობის შეფასების ანგარიში მომზადდა.
ცირკულარობის შეფასების აღწერილი კომპლექსური პროცესის ფარგლებში ექსპერტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებში მომუშავე 36 ექსპერტი შედის. მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს. ამას გარდა, პროგრამის გუნდმა წამყვან ბიზნესებთან ინტენსიური კონსულტაციები და ინტერვიუები ჩაატარა და უამრავი უახლესი საცნობარო თუ ლიტერატურული წყარო დაამუშავა.
აღნიშნული თანამშრომლობისა და კონსულტაციების პროცესში, ასევე ცირკულარობის შეფასების მიმდინარეობის განხილვის მიზნით უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ორი წლის განმავლობაში გამართული ოთხი პლენარული შეხვედრის შედეგად მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები სათანადოდ იქნა გათვალისწინებული ცირკულარობის შეფასების ანგარიშში, კერძოდ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარობის მიზნების დასადგენად. ცირკულარობის შეფასების, განსაკუთრებით კი სათანადო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დროს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს.
პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ გაწეული, ზემოაღწერილი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება წარმატებით დასრულდა და ცირკულარობის შეფასების ანგარიშიც მომზადდა. ამჟამად ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და დროა, რომ იგი, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებთან ერთად, ეროვნულ შეხვედრაზე, ყველა საკვანძო დაინტერესებული მხარის წინაშე იქნას წარდგენილი. ამას გარდა, ეს მაღალი დონის შეხვედრა გამოყენებული იქნება მთელი შეფასების პროცესის კიდევ ერთხელ განსახილველად და ცირკულარობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების თაობაზე პროექტის გუნდის ხედვის წარმოსადგენად.
ეროვნულ შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი იქნება ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი და ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი დრ-ი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი.
მეორე მომხსენებელი იქნება მდგრადი განვითარების საკითხების საკვანძო ადგილობრივი ექსპერტი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე დრ-ი მედგარ ჭელიძე.
საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისთვის რეკომენდაციების შემუშავება ცირკულარობაზე დაჩქარებული გადასვლისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია. შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სბმკ „ორქისმა“ ეს პროცესი 2020 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი აქტიური ჩართულობით დაიწყო. ამ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება უზრუნველყო, რადგანაც პროექტის ძირითადი ამოცანები ხელისუფლების საკვანძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს, რათა ქვეყნის ეკონომიკის არსებული ცირკულარობის დონის სათანადოდ შეფასება იქნას შესაძლებელი და ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარული მიზნები განისაზღვროს.
პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და მისი მიზანია ქვეყნაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისათვის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების დადგენის, ცირკულარული ეკონომიკისათვის დარგობრივი შესაძლებლობების გამოვლენის, ცირკულარული ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განსაზღვრის, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით.
ცირკულარ ეკონომიკაში საქონელი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მისი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ხმარებიდან ამოღების შემდეგ გათვალისწინებულია მათ დასამზადებლად მოხმარებული მასალების მეორადი გამოყენება. მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების ახალი ციკლი გაიაროს.
ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს. აღნიშნული მოითხოვს მთელი სისტემის მხარდაჭერას, დაწყებული ტექნოლოგიებითა თუ ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ღირებულებათა ჯაჭვის რგოლებსა თუ სხვადასხვა ჯაჭვებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი საბაზრო სტრუქტურით, ასევე მმართველობის ფორმითა და რეგულაციებით, რომლებიც კომპანიებს წაახალისებს ცირკულარული მიდგომები სოციალურ ნორმად აქციონ, რის შედეგადაც საზოგადობა ცირკულარულ წარმოება-მოხმარებას მიანიჭებს უპირატესობას.
საქართველო ახლახან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებული ძალისხმევით, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რომელთა მიზანია მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება. ეს მოიცავს წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვას, მეორად ნედლეულს, ინოვაციებს, ინვესტიციებსა და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა მოთამაშეები ახორციელებენ და რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს განეკუთვნება, ან განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება.
ეროვნული შეხვედრა დაგეგმილია პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისის“ ერთობლივი ძალისხმევით. პროექტს ახორციელებს სბმკ „ორქისი”, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით.