საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ავტომობილების რიცხვი და შესაბამისად მათგან გამოწვეული ზიანი ატმოსფერულ ჰაერზე, გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე მაღალია.
ავტომობილების გარეშე დღის აღნიშვნის პირველი ნაბიჯები 1970-იან წლებიდან იღებს სათავეს, როგორც საწვავის კრიზისის დაძლევის საშუალება. 1990-იან წლებში სპეციალური ორგანიზაციაც კი გამოჩნდა, რომელმაც დაიწყო პირად ტრანსპორტზე უარის თქმის პოპულარიზაცია. ამ ტრადიციის დამკვიდრება კი 1997 წელს ინგლისიდან დაიწყო, ხოლო მეორე წელს საფრანგეთშიც გადაინაცვლა. შემდგომ წლებში კი სულ უფრო მეტი მასშტაბი შეიძინა და ამჟამად ამ დღეს მილიონობით ადამიანი და ათასობით ქალაქი აღნიშნავს. ავტომობილებით გადაადგილების მინიმიზაციის აქციები საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია, ავტომობილების მავნე ზემოქმედებასთან მიმართებით.
ცნობილია, რომ ატმოსფეროული ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის, რაც შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ გადაადგილებისთვის გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედები. ეს განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ხდება, სადაც საგრძნობლად დიდია ტრანსპორტის მოძრაობა და შესაბამისად მავნე გამონაბოლქვი, ამ დღის მთავარი დევიზია „ქალაქი – სივრცე ადამიანთათვის, სივრცე სიცოცხლისთის“.
თუმცა, ავტოტრანსპორტის ძალიან დიდი რაოდენობა არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ გლობალური პრობლემაა, რადგან გამონაბოლქვი აზიანებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ პლანეტის ბიოსფეროსაც.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ავტომობილების წარმოება იზრდება. მისი რეკლამირების მაჩვენებელი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. აცნობიერებენ რა, რომ თანამედროვე პირობებში ავტომობილზე უარის თქმა შეუძლებელია, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცდილობენ ეს დღე გამოიყენონ ავტომობილების გონივრული გამოყენების მოწოდებისთვის, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის, კერძო ავტომობილების შეზღუდვის და მის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების, ველოსიპედითა და ფეხით სიარულის პოპულარიზებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.
„დღე ავტომობილების გარეშე“ უკვე კარგა ხანია საქართველოშიც პოპულარულია და სათანადოდ აღინიშნება თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. ამ დღეს სამთავრობო, მუნიციპალური ორგანოები, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხცა ღონისძიებისა და კამპანიების ჩატარებით ეხმიანებიან. მაგალითად, კამპანია „დატოვე მანქანა სახლში“ უამრავმა ადამიანმა აიტაცა. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ერთ-ერთ საყვარელ აქციას, ველორბოლების გამართვა წარმოადგენს. ამ კამპანიებისა და ღონისძიებების მთავარი მიზანი კი უცვლელია: ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზებაა.