შეხვედრა კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის თაობაზე
2022 წლის 29 ივნისს, ქ. თელავში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კახეთის მხარისათვის შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის წარდგენის მიზნით. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.
შეხვედრა გახსნა სბმკ „ორქისი“-ს თავმჯდომარემ, დ-რმა მარიამ ქიმერიძემ. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკად. სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალური დირექტორი ქ-ნი კარინ იამტინი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისია აღმატებულება ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ შვედეთის ელჩის მოადგილე ბ-ნი ერიკ ილესი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბ-ნი პლატონ კალმახელიძე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კახეთის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მხარის რვავე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან, ასევე სბმკ „ორქისი“-ს გუნდი, „Gästrike återvinnare“-ს საერთაშორისო ექსპერტები ბ-ნი პერ-ოლაფ ჰალბერგი და ბ-ნი იოჰან ენგლუნდი და მედიის წარმომადგენლები.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: აკად. სოლომონ პავლიაშვილმა, ქ-ნმა კარინ იამტინმა, ბ-ნმა ერიკ ილესმა. ბ-ნმა პლატონ კალმახელიძემ პროექტის დონორებს და მოწვეულ სტუმრებს თანადგომისთვის, გაწეული სამუშაოსთვის და კახეთის რეგიონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დასრულებული სამუშაო ვერსიის წარდგენა პროექტის დონორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის. ამასთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იქნა მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებს შორის ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის დამტკიცებისთვის და განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი და ქმედებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ძირითად ამოცანებს, რომლებიც სამოქმედო გეგმის საფუძველს ქმნის.
რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმის დასრულებული სამუშაო ვერსია პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩართულმა შვედმა საერთაშორისო ექსპერტებმა და სბმკ „ორქისი“-ს ნარჩენების მართვის ექსპერტმა ქ-ნმა ხათუნა ჩიკვილაძემ წარადგინეს. ამას გარდა, მათ შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება კიდევ ერთხელ გაუზიარეს, რადგანაც ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია, რაც მუნიციპალიტეტებს კვალიფიკაციის ამაღლების, საინვესტიციო ხარჯების გადანაწილების, ნარჩენების მართვის რეგიონული სისტემის შემუშავების, რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის, საქმიანობის ოპტიმიზაციის, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის, საერთო პრობლემების ირგვლივ ურთიერთდახმარებისა და აზრების/ ინოვაციების ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს.
ამა წლის 29 ივნისს გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა სბმკ „ორქისი“-ს მიერ 2019-2022 წლებში კახეთის რეგიონულ და მუნიციპალურ უწყებებთან ერთად განხორციელებული რიგი სამუშაოები, მათ შორის შეხვედრები კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესის მოსამზადებლად და სათანადო ინფორმაციის შესაგროვებლად იყო საჭირო (2019 წელს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში 8 მუნიციპალური და 1 სამხარეო შეხვედრა გაიმართა, ხოლო 2020 წლიდან დაწყებული 2022 წლის ჩათვლით – წელიწადში 2 სამხარეო შეხვედრა, რომლებშიც ზემოაღნიშნულ სამუშაო ჯგუფთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ).
კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებული იქნა მონაწილეობითი მიდგომით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი შევიდა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს გუბერნატორის სამსახური, საერთაშორისო და ეროვნული დონის ექსპერტების ჩართულობით.
ამჟამად მომზადებულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის დასრულებული პროექტი, რომელიც 5-წლიან (2023-2027წწ.) პერიოდს მოიცავს. ამ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის განიხილვა მოსახლეობასთან შედგება, მოეწყობა საჯარო მოსმენა, გეგმა გადაიხედება საზოგადოების შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე. ამას გარდა, მიღებამდე მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განახლდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განახლების შესაბამისად.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
კახეთის რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის თაობაზე შეხვედრა ორგანიზებული იყო სბმკ „ორქისი“-სა და ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების „Gästrike återvinnare“ მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.