საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ამზადებს კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმას, რაც გულისხმობს კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავებას კახეთის მხარისათვის, ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით.
კახეთის რეგიონისთვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება მოხდება ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულის კონტექსტში, დაგეგმილია კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 16 მუნიციპალური და 4 სამხარეო სამუშაო შეხვედრის მოწყობა. 2019 წელს ჩატარდა კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში 8 მუნიციპალური და 1 სამხარეო ხოლო 2020 წელს 2 სამხარეო შეხვედრა კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან.
2021 წლის 16 სექტემბერს ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს Gästrike återvinnare – შვედეთის ხუთი მუნიციპალიტეტის გაერთიანების საერთაშორისო ექსპერტმა ნარჩენების მართვის საკითხებში ბ-ნმა პერ-ოლაფ ჰალბერგმა, სბმკ „ორქისი“-ს მენეჯმენტმა და ნარჩენების მართვის ექსპერტმა ქ-ნმა ხათუნა ჩიკვილაძემ, ასევე კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკად. სოლომონ პავლიაშვილმა, ბ-ნმა ერიკ ილესმა – განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა/ელჩის მოადგილემ, შვედეთის საელჩო საქართველოში, შვედეთის საერთაშორის განვითარების სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ქ-ნმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა კახეთის მხარის ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავების მიმდინარე მდგომარეობა და ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის ხედვის განხილვა შვედეთის მაგალითზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”-ს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.