ცირკულარული მოდელების და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში
2021 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პატრონაჟით, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია თემაზე – ცირკულარული მოდელების და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.
სესიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პრეზიდიუმის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მედიისა წარმომადგენლები.
სამეცნიერო სესია გახსნა აკად. გიორგი კვესიტაძემ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ბ-ნმა ერიკ ილესმა – შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა/ელჩის მოადგილემ, შვედეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ – დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
სესიაზე მოხსენებით გამოვიდა აკად. სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარული მოდელების და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.
დ-რმა დარიუშ ედვარდ პრასეკმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ მოდელებზე დაჩქარებული გადასვლის აუცილებლობა საქართველოში, როგორც მასალების მართვის თანამედროვე პოლიტიკა.
სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა, რომელიც ეხებოდა ცირკულარული მოდელების და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა და აკადემიურმა სფერომ ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წარმომადგენლების მხრიდან დაისახა პროექტთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
სემინარი ინიცირებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს მიერ, რათა ცირკულარული ეკონომიკის ირგვლივ ცნობიერების ამაღლება უფრო ფართო მასშტაბით მოხდეს, რაც ცირკულარობაზე გადასვლასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას შეუწყობს ხელს. მისი ჩატარება შესაძლებელი გახდა ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტის დ-რი დარიუშ პრასეკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა მინისტრის მოადგილის აკად. სოლომონ პავლიაშვილის პირადი ჩართულობისა და კეთილი ნების წყალობით, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის ფარგლებში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების და მეცნიერების სამინისტროების და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.