ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია ფინანსური სექტორის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია
ფინანსური სექტორის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში
2021 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია თემაზე – ფინანსური სექტორის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), შვედეთის საელჩოს/ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს – შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა/ შვედეთის ელჩის მოადგილემ ბატონმა ერიკ ილესმა, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქ-ნმა ხატია წილოსანმა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარემ დოქტორმა მარიამ ქიმერიძემ.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო დოქტორი დარიუშ ედვარდ პრასეკი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარი ასპექტები, როგორ შეიძლება სისტემის ეფექტურად დანერგვა და ფინანსურ სექტორს ამ პროცესში რა კონკრეტული როლი გააჩნია.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისათვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას, თუ როგორ დააჩქარონ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს.
გასული წლის 2019-2020 წლებში ჩატარებული პირველი, მეორე და მესამე წარმატებული კონფერენციების შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფები პოლიტიკის შემქმნელები, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, ცირკულარული ეკონომიკის მეოთხე კონფერენცია გამიზნული იყო ფინანსური სექტორისათვის, რომელიც გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ხელშემწყობი მხარეა. ახლა დროა, ფინანსურმა სისტემამ მომენტით ისარგებლოს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მზარდი დაფინანსება იმედის მომცემია, ცირკულარული ეკონომიკის მასშტაბის გასაზრდელად და მისი შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად გაცილებით მეტი კაპიტალი და მუშაობაა საჭირო. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის წინა პლანზე წამოსაწევად დაფინანსების ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია. ინვესტორების, ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მასშტაბი, დაფარვა და კვალიფიკაცია საკმარისია, რომ გარდაქმნის მიზნით ბიზნესის სტიმულირება და მხარდაჭერა მოახდინონ.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ, რომელიც ეხებოდა -ფინანსური სექტორის როლს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში, დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნეს და ფინანსურმა სექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი ითამაშონ და ხელი შეუწყონ სისტემურ ცვლილებებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაისახა პროექტთან „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გზები ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის განხორციელების სფეროში.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეოთხე კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.