საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
ესსეების მე-3 კონკურსი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე, დაიწყო!
- Home
- ესსეების მე-3 კონკურსი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე, დაიწყო!
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასოცირების შეთანხმება“, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი, 18.00 საათი, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა 2021 წლის 3 აგვისტოს გახდება ცნობილი. ესეი უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II) თითოეულ თემაზე, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
ესსეების სათაურებია:
„ასოცირების შეთანხმების როლი და მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით“
ან
„ასოცირების შეთანხმების აღსრულების მიზნით ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების პრიორიტეტული მიმართულებების და ქმედებების იდენტიფიკაცია 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში ასასახად“
ესეში „ასოცირების შეთანხმების როლი და მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით“ უნდა აღიწეროს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების (ან რომელიმე კონკრეტული ვალდებულების) შესრულების შედეგად ბიომრავალფეროვნების, ან/და ეკოსისტემური მომსახურებების დაცვა-შენარჩუნების კუთხით მიღებული, ან/და მოსალოდნელი სარგებელი. მსჯელობა და დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს განსახილველ სფეროში არსებული ვითარების მიმოხილვას. სასურველია მოცემული იყოს სამომავლოდ განსახორციელებელი რეკომენდებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. ამ კუთხით მისასალმებელია საკუთარი ორიგინალური ხედვის შემოთავაზება.
ესეში „ასოცირების შეთანხმების აღსრულების მიზნით ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების პრიორიტეტული მიმართულებების და ქმედებების იდენტიფიკაცია 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში ასასახად“ უნდა აღიწეროს ასოცირების შეთანხმების აღსრულების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია. გადმოცემული უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულებები და ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს შეთანხმების აღსრულებას, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების კუთხით, ან შემოთავაზებული და დასაბუთებული უნდა იყოს ახალი მიმართულებები და ქმედებები, რომელთა იმპლემენტაციით გაიზრდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების ეფექტურობა. ამ კუთხით მისასალმებელია საკუთარი ორიგინალური ხედვის შემოთავაზება.
თემა მოიცავს შემდეგ კონტექსტს:
2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტს.
ევროპარლამენტმა 2014 წლის 18 დეკემბერს სტრასბურგში მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2014 წლის 17 ივლისს განახორციელა. რატიფიკაციის პროცესის დასრულებამდე მხარეების მიერ მიმდინარეობდა შეთანხმების იმ დებულებების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება.
2014 წლის ივნისში, საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პრიორიტეტებს კონკრეტული პერიოდისთვის (3-4 წელი).
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა განკარგულებით ამტკიცებს ყოველწლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმას.
ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ამოქმედდა ურთიერთანამშრომლობის ახალი ინსტიტუტები – ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი და დარგობრივი ქვეკომიტეტები.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში სრულად 2016 წლის 1 ივლისს შევიდა.
შეთანხმება ითვალისწინებს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებს და გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც სცდება ტრადიციულ შეთანხმებათა მასშტაბებს და ვრცელდება ინტერესთა ყველა სფეროზე.
ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროდან ასოცირების შეთანხმება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა:
საქართველოს სამართლებრივი სივრცის ევროკლავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება. ამ მიმართულებით აღნიშნულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოსდაცვითი ზიანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ სამართლებრივი ნორმების შემოღების აუცილებლობის თაობაზე. ეს კანონმდებლობა, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს მიერ უკვე მიღებულია, მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების დაცვასაც, რადგან მოიცავს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებისა და აქედან გამომდინარე საჭირო პრევენციული ზომების გატარების ასპექტებს, ასევე ზიანის მიყენებისას ადექვატური პასუხიმგებლობის ზომების გატარების ვალდებულებას. ამასთან, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია ბიომრავალფეროვნების დაცვის კონკრეტული ქმედებების, მათ შორის კანონმდებლობის დაახლოვების მოთხოვნაც, როგორიცაა მაგალითად ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონი. მისი შემუშავების საჭიროება გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობით. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივები მოიცავს 2009 წლის 30 ნოემბრის 2009/147/EC დირექტივას გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ და 1992 წლის 21 მაისის 92/43/EC დირექტივას ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ. კანონპროექტი ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული;
სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა, რასაც ემსახურება ასევე ზურმუხტის ქსელის განვითარება საქართველოში, ბერნის კონვენციის შესაბამისად. ამჟამად საქართველოში არის 46 დამტკიცებული, 4 კანდიდატი და 15 შეთავაზებული ზურმუხტის ტერიტორია;
საერთაშორისო თანამშრომლობას თევზჭერის, განსაკუთრებით შავ ზღვაში თევზჭერის სფეროში. ასოცირების შეთანხმების 234 მუხლის დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, აქტიური თანამშრომლობა მიმდინდარეობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) რეგიონული თევზჭერის ორგანიზაციასთან (RFMO) – ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიასთან (GFCM). ამ ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით მრავალი აქტივობა (მათ შორის კვლევები) განხორციელდა, მათ შორის შემუშავდა აკვაკულტურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყანაში მდგრადი აკვაკულტურის განვითარების საწინდარს წარმოადგენს და რომლის დებულებები თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდრატებთან და მოთხოვნებთან; და სხვა.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი და კურსი. ნაშრომის გადმოგზავნის შემდეგ დაელოდეთ ჩვენგან ესეის მიღების დადასტურების შეტყობინებას.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.