2021 წლის 22 მარტს კასპის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების აქცია. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა: წაბლის 15, ბროწეულის 20, ელდარის ფიჭვის 20, კავკასიური ფიჭვის 75 და 20 ძირი ქართული ნუშის ნერგები.
ზემოაღნიშნული ადგილობრივი სახეობის 150 ძირი ნერგი დაირგო კასპის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე; კერძოდ, ქ. კასპის №1 საჯარო სკოლის და N4 საბავშვო ბაღის ეზოში, ასევე სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის ეზოებში, სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის და აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ- მუზეუმის ეზოებში; სოფლების დოესის, ლამისყანის და მეტეხის საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკის ეზოებში; სოფლების წინარეხის და ზემოხანდაკის აფხაზეთის ომში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში. ასევე სოფლებში ოკამი, ქვემო გომი და ტელიანი.
კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ გამწვანების აქციებში, სბმკ „ორქისის“ წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ: კასპის მერი ბ-ნი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე ბ-ნი თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი დავით ლეონიძე, საზოგადოებსთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქ-ნი დალი კორკომაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორები, პედაგოგები მოსწავლეები და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
გამწვანების აქციები ჩატარდა პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენი;ლი წესებისა და შეზღუდვების სრული გათვალისწინებით, რომლის დროსაც დაცული იყო სოციალური დისტანცია და კანონით გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი ღონისძიებები.
ზოგადად, პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში ჩატარებული გამწვანების აქციები, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი.
ზოგადად ბიოაღდგენის და ხეების დარგვის ღონისძიებები, კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
პროექტს-„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.