პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შეხვედრები ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში
2020 წლის 22, 23 და 24 ივლისს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, ჩატარდა შეხვედრები თემებზე:
1. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლება არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით
2. საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუთი მუნიციპალიტეტის მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები. სულ 50 ადამიანი.
შეხვედრებზე განხილული იყო არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის სრულყოფის აპრობირებული და სამინისტროს მიერ მოწონებული ფორმატი, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის საერთაშორისო /საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე დეტალურად იყო განხილული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განახლება / სრულყოფისათვის შემუშავებული კითხვარი და გეგმის შაბლონი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და სტიქიური ნაგავსაყრელების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. აგრეთვე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები.
პროექტის „დავიცვათ საქთველოს სისუფთავე“ მიზნებია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში 2023 წლისთვის.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.