დღეს არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და მის განუზომელ როლს კაცობრიობის გადარჩენის, ადამიანთა კეთილდღეობის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისა, თუ ქვეყნების განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა სულ უფრო მზარდი ტემპით ხდება ბიომრავალფეროვნების კარგვა, ეკოსისტეუმური სერვისების მოშლა, სხვა მრავალი უარყოფითი პროცესის განვითარება, როგორიცაა თუნდაც კლიმატის გლობალური ცვლილება.
ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული თაობების გაზრდას და მათი ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული სარგებლის და მისთვის არსებული საფრთხეების თავიდან აცილებისაკენ მიმართული ქმედებების პოპულარიზებას.
22 მაისს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – ბიომრავალფეროვნების, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყაროს. ეს თარიღი, 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მისი დაცვის აუცილებლობას.
დღეს მსოფლიოში მრავალი გარემოსდაცვითი გამოწვევა თუ პრობლემაა გადასაჭრელი, რომლებიც ხშირად გლობალური მასშტაბისაა და ერთობლივ ძალისხმევას თუ პასუხისმგებლობის აღებას საჭიროებს. ამ კუთხით საყურადღებოა ბიომრავალფეროვნებასთან და მის კარგვასთან დაკავშირებული პროცესები. ეს პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და საბოლოოდ ეკოსისტემის ჯანსაღ და სრულფასოვანი ფუნქციონირების სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. შედეგად, ხელი ეშლება ეკოსისტემური სერვისების გამართულ და შეუფერხებელ მიწოდებას. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა საერთო კეთილდღეობაზე და მდგრად განვითარებაზე, რაც ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს შორის დაბალანსებულ კავშირს გულისხმობს.
ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი. ესაა იმის საწინდარი, რომ მიღწეულ იქნას ისეთი მნიშვნელოვანი მიზნები, როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა; შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა; სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის; მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა და ა.შ., რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე, რომელთა შესრულებაც პირდაპირ კავშირშია ბიომრავალფროვნების დაცვა-აღდგენასთან (კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება; დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა.).
საქართველო, რომელიც უმდიდრესი ბიომრავალფეროვნებითა და მაღალი ენდემიზმით გამოირჩევა და აქ მიმდინარე პროცესები, მსოფლიო ბიოლმრავალფეროვნების ნაწილი და გლობალური პროცესების მონაწილეა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამაც გააცნობიეროს ყოველივე ზემოაღნიშნული და იყოს გლობალური, თუ ადგილობრივი პროცესის მონაწილე და არა მაყურებელი.
ამ დღეს რა თქმა უნდა ეხმიანება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციაც და ავითარებს მსჯელობებს ისეთი აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „ბუნების მნიშვნელოვანი როლი კლიმატის ცვლილების, სასურსათო უსფრთხოების და ჯანდაცვის პრობლემების გადაჭრაში“, „ჩვენი პრობლემის მოგვარების გზა ბუნებაშია“ და სხვა. დღეს მსოფლიო კიდევ ერთი სამწუხარო გამოწვევის წინაშე დგას და ებრძვის ამ გამოწვევას, რასაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და მისგან მომდინარე საფრთხეები ჰქვია. ამჟამად, მსოფლიო თანასაზოგადოება, ამ ვირუსისა და პანდემიის ჭრილში ცდილობს გადახედოს ბუნებასთან დაკავშირებულ მიდგომებს. ნათელია, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, ადამიანები სრულად არიან დამოკიდებულნი ჯანსაღ, ბუნებრივ ეკოსისტემებზე, რაც უმთავრესი წყაროა ჩვენი ჯანმრთელობის, სუფთა წყლის, საკვები პროდუქტების, ჩასაცმელის, საწვავის, საბინადრო/საცხოვრებელი ადგილის, ენერგიის და სხვა მრავალი სიკეთის მისაღებად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ყველამ ერთად, გლობალურად გავიაზროთ, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარების გზა და ჩვენი ხსნა ბუნებაშია, რათა მივაღწიოთ უმთავრეს მიზანს – ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში.