დ-რი დარიუშ პრასეკი იქნება მთავარი მომხსენებელი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ ორგანიზებულ ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მეორე კონფერენციაზე-ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება, რომელიც გაიმართება 2020 წლის 10 მარტს.
დ-რი პრასეკი დამოუკიდებელი კონსულტანტია, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა დარგებში განხორციელებულ, დაახლოებით 4000 საინვესტიციო პროექტს. ბოლო დრომდე მას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. დ-რმა პრასეკმა საკვანძო როლი ითამაშა EBRD-ს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიის“ შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ცირკულარული ეკონომიკის დებულებების დანერგვასაც ითვალისწინებდა. დ-რ პრასეკს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, რომლებიც ეხება მყარი ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოსდაცვითი მართვის და პროექტის დაფინანსების გარემოსდაცვით საკითხებს.
ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკას ევროკავშირის ეკონომიკა მიჰყავს ისეთი ეკონომიკური სისტემისკენ, რომელშიც: ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტიანად მოხმარება, მასალებისა და პროდუქციის ღირებულება შენარჩუნებულია მათი წრებრუნვით მოხმარების გზით, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შემცირებულია. ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია: სამრეწველო ნარჩენების შეკვეცა, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირება, ასევე კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანა. აღწევს რა ეკონომიკისა და გარემოს ნამდვილ სიმბიოზს, ცირკულარული ეკონომიკა არის ის გზა, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გარკვეული ნაწილის მიღწევის საშუალებას იძლევა.
მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძალიან ადრეულ ეტაპზე იმყოფება. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არსებითია განვითარების წინა ხაზზე დგომა, ნახტომისებური მოძრაობა და განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლით რეგიონში ლიდერებად გადაქცევა, რასაც მდგრადობის დღის წესრიგის მნიშვნელოვნად დაჩქარების შესაძლებლობა გააჩნია.
შვედეთის მთავრობის პატრონაჟით დაგეგმილი მოცემული სატრენინგო პროგრამა მომზადდა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და პროექტის მხარდამჭერებისათვის რეკომენდაციების მისაცემად, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცირკულარული ეკონომიკის პროექტების დაფინანსების პირობების გაუმჯობესება, წინაღობების მოხსნა და იმ ძირითადი სფეროების გამოვლენა, რომლებიც სტიმულირებას საჭიროებს. გასული წლის დეკემბერში გამართული პირველი წარმატებული კონფერენციის შემდეგ, რომლის სამიზნე ჯგუფი პოლიტიკის შემქმნელები იყვნენ, ახლა ცირკულარული ეკონომიკის მეორე კონფერენცია ეწყობა. ეს კონფერენცია სპეციალურად მუნიციპალური დონის სხვადასხვა მოთამაშეებისათვისაა მომზადებული. შედარებით მჭიდროდ დასახლებული, ურბანული ტერიტორიები ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის გზაზე მრავალ გამოწვევას ქმნის და, ამავდროულად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა. აღნიშნული საკითხები მეორე კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი და განხილული.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.